Wednesday, June 22, 2011

ისტ-ის ინტეგრირება


ისტ-ის ინტეგრირება დღეისათვის საქართველოს სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლების და მასწავლებლების აქტიურობასა და ინსფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში ტექნოლოგიების წვდომის განსხვავებული სურათია, ბევრია დამოკიდებული, მასწავლებელი როგორ განსაზღვრავს გაკვეთილის სცენარში ტექნოლოგიების ჩართვის სქემას, მან გონივრულად უნდა შეათანხმოს ტექნოლოგიური საშუალებები გაკვეთილის სასწავლო მიზანთან, რათა უფრო ეფექტურად გავიდეს სასურველ შედეგზე - ტექნოლოგია უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა ზედმეტი ტვირთი გაკვეთილზე როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის. მასწავლებელმა კარგად უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს საკლასო მენეჯმენტი და მის მიერ არჩეული სასწავლო სტრატეგიები.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) “მიეკუთვნება, ეგრეთ წოდებულ, გამჭოლ სასწავლო პრიორიტეტებს”, აქედან, “ისტ-ის სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად, მათი კონტექსტისგან განცალკევებით. ისტ-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია


1. გაკვეთილის დაგეგმვის ფაზა

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა თვითმიზანი. გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

მოსწავლეთა ისტ კომპეტენცია 

·        მის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა

·        მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და პედაგოგიური სტრატეგიები
·        გაკვეთილის მიმდინარეობის/მასალაზე მუშაობის ტიპი (მიმდინარე, შემაჯამებელი, პროექტული, სხვ.)

·        სასწავლი მასალის თემატიკა

ამ ფაქტორების გათვალისწინების საფუძველზე მასწავლებელი ირჩევს ელექტრონულ რესურს (კომპიუტერულ პროგრამას/პროგრამებს), რომელსაც გამოიყენებს სწავლების პროცესში, განსაზღვრავს საკლასო მენეჯმენტს.


2. ისტ-ის ინტეგრაცია სწავლების მეთოდების და თემატიკის გათვალისწინებით
 
·        ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას. ტექნოლოგიების მულტიმედიური ხასიათი იძლევა საშუალებას მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ ესა თუ ის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მოვლენა (გარკვეულწილად მოვახდინოთ ლაბორატორიების არ არსებობის კომპენსირება), ვამოგზაუროთ იმ ქვეყნებში, რომლის ენას, კულტურას, ისტორიასა თუ გეოგრაფიასაც ვასწავლით. სასურველია ისტ რესურსების მაქსიმალური გამოყენება, რადგან იგი უფრო მეტია ვიდრე ელექტრონული ფურცელი ან პლაკატი. განსხვავებით ბეჭდური პლაკატისა თუ რუკისაგან, რომლებიც მხოლოდ მასალის დემონსტრირებისთვისაა განკუთვნილი, ელექტრონულ ინსტრუმენტებს აქვთ საშუალება მოსწავლეებამდე მასალა მივიტანოთ არა მარტო უფროცოცხლადდა ეფექტურად მიტანის, არამედ ჩავრთოთ ისინი ახალი სასწავლო რესურსის შექმნაში.
·        კარგი იქნება მოსწავლეებისთვის ისეთი საშინაო დავალების მიცემა, რომ მათ დასჭირდეთ კომპიუტერის გამოყენება, მაგ. ტესტების შევსება, ინტერნეტში მასალის მოძიება, ტექსტის დაბეჭდვა, ცხრილების და პრეზენტაციების შედგენა, კლიპის დამზადება, ელექტრონულ რუკაზე ადგილების მონიშვნა და .. ამგვარი დავალებები ზრდის მოტივაციას, მოსწავლეები ხალისით იყენებენ კომპიუტერს, რომელიც  მათთვის არამარტო გასართობი, არამედ თანამედროვეობის და წარმატებულობის სიმბოლოცაა. შეიძლება მოსწავლე დარჩეს გაკვეთილების შემდეგ ლაბორატორიაში სამუშაოდ და მას მიეხმაროს მასწავლებელი ან შეასრულოს დავალება სახლში, თუ ამის საშუალება აქვს. ამ შემთხვევაში დავალება შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.
·        ინფორმაციული ტექნოლოგიები მეტად ეფექტური ინსტრუმენტია პროექტული მუშაობისას, როცა მასალები მზადდება საბოლოო პრეზენტაციისთვის. ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის ციფრული ტექნიკა (ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, დიქტოფონი, სკანერი, პრინტერი), სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ინსტრუმენტები (საოფისე პროგრამები ტექსტების, ცხრილების და პრეზენტაციების შესაქმნელად; ფოტო, აუდიო და ვიდეო რედაქტორები; გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები რუკების დასამზადებლად; ასოციაციური რუკის შესაქმნელი პროგრამები; ინტერნეტი მასალების მოსაძიებლად, გამოსაქვეყნებლად და გასაზიარებლად და სხვ.).
·        საზოგადოდ გავრცელებული პრაქტიკაა შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება, როცა ერთი თემატიკა მუშავდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში და ბოლოს ხდება გავლილი მასალის თავმოყრა, შეძენილი ცოდნისა და უნარების შეჯამება. კარგია თუ მასწავლებელს წინასწარ აქვს დაგეგმილი შემაჯამებელ გაკვეთილამდე განსახორციელებელი აქტივობები. ამ შემთხვევაში შეძლებს წინასწარ გაითვალისწინოს, რა ინსტრუმენტებს (მათ შორის ელექტრონულს) გამოიყენებს სწავლების პროცესში. მიმდინარე გაკვეთილების დროს ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება ისეთი თანმიმდევრობით, რომ მუდამ იყოს სიახლის განცდა; მაგ. ჯერ ამუშავოს ცხრილების, გრაფიკების ან/და ასოციაციური რუკების შედგენაზე, შემდეგ გაკვეთილებზე გააკეთებინოს პრეზენტაციები, ციფრული რუკები, გადაღებული ან/და ინტერნეტში მოძიებული სურათებით და ვიდეოებით დაამონტაჟებინოს კლიპი და .. აქტივობები ისე შეიძლება დაიგეგმოს, რომ მოსწავლეთა მიერ რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შექმნილი მასალებით შემაჯამებელი გაკვეთილისთვის შეიქმნას ერთიანი პროდუქტი თემატიკის გარშემო.

3. საკლასო მენეჯმენტი ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით

·        თუ გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში, კომპიუტერების რაოდენობიდან გამომდინარე შეგიძლიათ ბავშვები ამუშაოთ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში. ჩვეულებრივ, მასწავლბელი ხშირად იყენებს ჯგუფური მუშაობის მეთოდს. გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობისას ისეთი დავალება მიეცით, რომლის შესასრულებლადაც კომპიუტერის გამოყენება იქნება საჭირო; მაგალითად, წინასწარ შედგენილი ტესტის შევსება, ტექსტიდან მონაცემების ამოკრება და კითხვებზე პასუხის გაცემა, კონტურულ რუკაზე წერტილების დასმა და ... ამ დროს მონიტორი, სადაც გამოისახება მოსწავლის მუშაობის პროცესი, ხდება ერთგვარი ყურადღების მობილიზატორი ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის, ყველა კარგად ხედავს მასზე გამოსახულ ტექსტს, სურათს, რუკას და უფრო ადვილადაც ერთვება და , გარდა იმისა, რომ იღებს ინფორმაციას, თავისი წვლილიც შეაქვს დავალების შესრულებაში.
·        კომპიუტერულ ოთახში პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროექტორი; იგი ძალიან კარგი საშუალებაა მთელი კლასის ყურადღების მობილიზებისთვის. მასზე შესაძლებელია ყველა ტიპის ინფორმაციის დინამიურად გამოსახვა. გაკვეთილის კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, მასწავლებელმა იგი შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. მაგ. პროვოცირებისას აჩვენოს სურათი, ნაწყვეტი ფილმიდან და სხვ., მინი ლექციის დროს გამოიყენოს მცირე პრეზენტაცია, გამოსახოს კლასში შესასრულებელი დავალება, შეფასების კრიტერიუმები, მისცეს საშუალება მოსწავლეს გამოიყენოს პროექტორი შესრულებული დავალების პრეზენტირებისას და ...
·        თუ კომპიუტერულ ლაბორატორიაში გაკვეთილის ჩატარება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ ერთი კომპიუტერი და პროექტორი შეიტანოთ კლასში.

No comments:

Post a Comment